თბილისში, დიდი დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების დროს დაზარალებულები კვლავ სასტუმროებში რჩებიან.
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა, თამარ მღებრიშვილმა პირველ არხს განუცხადა, ჯერ არ აქვს ინფორმაცია, როდის დატოვებს სასტუმროს.
„გუშინ ღამის პირველ საათზე შემოგვიყვანეს სასტუმროში. ჯერ უცნობია, როდის შევძლებთ სახლებში დაბრუნებას, თუმცა რამდენადაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. მერიამ მთლიანად უზრუნველყო ჩვენი საცხოვრებელი პირობები. ჩემი ბინა დაზიანებული არ არის, თუმცა მეხუთე და მეექვსე სართულები მთლიანად ჩამონგრეულია“, – განაცხადა თამარ მღებრიშვილმა.
ერთ-ერთი დაზარალებულების ლიანა ჯანგურაშვილის თქმით, მისი საცხოვრებელი ფართი მთლიანად განადგურებულია.
„აღარაფერი აღარ გვაქვს, მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით, კედელი მთლიანად გადმონგრეულია, ერთი თვის ბავშვით დავრჩით გარეთ, სახლიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოვახერხეთ. კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც საცხოვრებელ ბინასთან იდგა, დაზიანებულია. მინდა, თბილისის მერიას დიდი მადლობა განვუცხადო ყველაფრისთვის. მერია ყველაფერს აკეთებეს, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ, სახლში დაბრუნებაზე ჯერ არაფერი ვიცით, გვითხრეს, რომ ბინა საცხოვრებლად ვარგისია, თუმცა ვიდრე გაკეთდება, იქამდე ან სასტუმროში მოგვიწევს დარჩენა, ან საცხოვრებელი ბინებით მოხდება ჩვენი უზრუნველყოფა“, – განაცხადა ლიანა ჯანგურაშვილმა.
საბურთალოს გამგეობის წარმომადგენელის, რევაზ ანთაძის განცხადებით, დაზარალებული სულ 31 ადამიანია აქედან 28 მათგანი სასტუმრო „შაინშია“ დაბინავებული, დანარჩენები კი, სასტუმრო „ტეხასში“.
ანთაძის თქმით, მერიის გადაწყვეტილებით დაზარალებულები იქამდე დარჩებიან სასტუმროებში, ვიდრე მათი საცხოვრებელი ფართები მთლიანად არ იქნება აღდგენილი.