დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასასვლელად ვადა 31 ოქტომბრამდე მისცეს
ბრექსიტი კიდევ ერთხელ გადაიდო. ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასასვლელად ვადა 31 ოქტომბრამდე მისცეს.
ბრექსიტის გადავადების პირობების მიხედვით, ლონდონს ექნება უფლება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერ სასურველ დროს დატოვოს ევროკავშირი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თემთა პალატა თანმიმდევრული ბრექსიტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს.
„ჩვენი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს ექნება კიდევ ექვსი თვე. მინდა მივმართო ჩემს ბრიტანელ მეგობრებს. ეს საკმარისი დროა, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ძალიან გთხოვთ, ნუ დაკარგავთ დროს უქმად“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლომდე ლონდონს აქვს საშუალება მთლიანად გადახედოს ბრექსიტის სტრატეგიას ან საერთოდ გააუქმოს ბრექსიტი.
ამასთან ერთად, ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი შესაძლოა კიდევ გახანგრძლივდეს.
ტერეზა მეის თქმით, ის ეცდება უახლოეს დღეებში მიაღწიოს შეთანხმებას ე.წ. თანმიმდევრული ბრექსიტის შესახებ.
„მე კვლავ მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ ევროკავშირი შეთანხმების მიღების შემდეგ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.