დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება უახლოეს მომავალში
ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება უახლოეს მომავალში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას უოლესმა მიუთითა კიევის ალიანსში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაზე. მისი თქმით, ნატო-მ, ისევე, როგორც ევროკავშირმა, არ უნდა გაიმეოროს წარსულის შეცდომები უკრაინის მსგავსი ასპირანტი ქვეყნებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემით.
„ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა უოლესმა.
ამასთან, უოლესმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, უკრაინასთან გააფორმოს ორმხრივი ან მრავალმხრივი თავდაცვის შეთანხმებები და მიიღონ გრძელვადიანი გეგმები უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. უოლესის თქმით, ამგვარი შეთანხმებები, შესაძლოა, წარმატებული იყოს რუსეთის შეკავებაში, რადგან რუსეთის სახმელეთო ძალები მომავალი 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იქნება გამოფიტული.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს რეალური შესაძლებლობა, წელს ყირიმი დაიბრუნოს, რადგან რუსეთის ძალებს საჭირო აღჭურვილობა ეწურება.
ბენ უოლესი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, უოლესის გარდა, აღნიშნულ თანამდებობაზე შესაძლო პრეტენდენტებად სახელდებიან ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.