დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი - ლონდონი პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ გადასცემს, რადგან „მიგ-29“ ტიპის მოიერიშეები არ ჰყავს
ლონდონი პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ გადასცემს, რადგან „მიგ-29“ ტიპის მოიერიშეები არ ჰყავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ დისკუსია ახლა მიმდინარეობს.
„დიდი ბრიტანეთი ვერ მიაწვდის პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვთმფრინავებს, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ტიპის მოიერიშეები, „მიგ-29“ და სხვები. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ეს პოლონეთის გადასაწყვეტია, მხარს დაუჭერს თუ არა უკრაინას“, – განაცხადა ბენ უოლესმა.
უოლესმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის ცის დახურვის იდეას მხარს არ უჭერს, თუმცა მისივე თქმით, ლონდონს შეუძლია, უკრაინას გადასცეს ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები.
როგორც ბენ უოლესმა რუსულმა ძალებმა ბოლო დღის განმავლობაში წინ წაწევა ვერ მოახერხეს. უოლესის თქმით, ამის გამო ისინი სასოწარკვეთილი არიან. „შედეგად ვხედავთ რუსების გაორმაგებულ სისატიკეს“, – განაცხადა უოლესმა.
„ომის მეცამეტე დღეს რუსები წინ ვერ მიიწევენ. ჩრილოეთით განლაგებული კოლონა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ, ჯერ კიდევ გაჭედილია. ის წინ ვერ მიიწევს“, – დაამატა უოლესმა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ლონდონი გაზრდის ლეტალური და არალეტალური შეიარაღების რაოდენობას, რომელსაც უკრაინას გადასცემს. მისივე თქმით, დეტალები ხვალ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე გახდება ცნობილი.