ბრიტანეთის საელჩო - ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აუცილებელია
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო არჩილ ტატუნაშვილის სამხრეთ ოსეთში გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი დაშვების აუცილებლობას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქის ბატონი არჩილ ტატუნაშვილის სამხრეთ ოსეთში დაკავების პერიოდში გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას.
მოლოდინი გვაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულ, ღია და გამჭვირვალე გამოძიებას მისი სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ასევე, უზრუნველყოფს ბატონ ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ორი მოქალაქის, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყონებლივ დაბრუნებას.
ეს ტრაგიკული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს და ადამიანურ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია საქართველოში არსებული კონფლიქტებით და კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი დაშვების აუცილებლობას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელი შემთხვევა ხაზს უსვამს დამატებითი ზომების აუცილებლობას, რომლებიც მიმართული იქნება მეტი გამჭვირვალობისა და ნდობის აღდგენისკენ.
დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის დღევანდელი რიგგარეშე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში გადმოსცემენ.