დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რუსი ბიზნესმენის ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბორის ბერეზოვსკის ყოფილი მოკავშირე, 68 წლის ნიკოლაი გლუშკოვი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ სახლში 12 მარტს აღმოაჩინეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გლუშკოვი გაგუდეს. პოლიციის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გლუშკოვის მკვლელობისა და სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის კავშირზე მიუთითებენ

1989 წლიდან ნიკოლაი გლუშკოვი „ლოგოვაზის“ მმართველ სტრუქტურებში მუშაობდა, რომლებიც ბორის ბერეზოვსკიმ შექმნა. 1996 წელს კი ის „აეროფლოტის“ დირექტორის მოადგილე გახდა, ორჯერ იყო გასამართლებული „აეროფლოტიდან“ თანხების მითვისების ბრალდებით, ის დანაშაულს არ აღიარებდა.

2005 წელს გლუშკოვმა რუსეთი დატოვა და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. 2017 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ „აეროფლოტიდან“ 123 მილიონი დოლარის მითვისებასა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.