დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი წევრი თანამდებობიდან გადადგა
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი წევრი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი წევრი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი ისრაელელ პოლიტიკოსებთან მისი საიდუმლო შეხვედრების გამჟღავნებაა.​

პრიტი პატელი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენჯამინ ნეთანიაჰუსა და სხვა წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს აგვისტოში, ოჯახთან ერთად არდადეგებზე ყოფნისას შეხვდა.

ინფორმაციის გამჟღავნების პასუხად მან ბოდიში საჯაროდ მოიხადა, თუმცა ამის მიუხედავად, აფრიკაში პატელის ოფიციალური ვიზიტი შეაჩერეს და მას ბრიტანეთში დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვეს.
ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიაში განაცხადეს, რომ მინისტრ პატელის წინააღმდეგ ან საქმე უნდა აღძრულიყო, ან დაკავებული პოსტი მას საკუთარი ნებით უნდა დაეტოვებინა.

45 წლის პატელი მმართველი კონსერვატორული პარტიის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა.

სხვადასხვა დროს მან მთავრობაში არაერთი როლი მოირგო. ბოლოს კი, 2016 წლის ივნისიდან პატელი საერთაშორისო განვითარების მიმართულების სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.
პრიტი პატელი ცნობილია კრიტიკული პოზიციით ევროკავშირის მიმართ, არ ემხრობა გეი ქორწინებას, კამპანიას აწარმოებდა მოწევის აკრძალვის წინააღმდეგ და არის ისრაელის დიდი ხნის მხარდამჭერი.

 

ავტორი: თეი კანაშვილი