დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია რამდენიმე საათში პარტიის ლიდერის ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის. პარტიის წევრთა ნაწილმა საგანგებო სხდომის მოსაწვევად აუცილებელი ხმათა რაოდენობის (48 წერილის, 15%-ის) მოგროვება შეძლო. თუმცა ფარულ კენჭისყრამდე მოქმედ პრემიერს ღია მხარდაჭერას უკვე უცხადებს კონსერვატორ დეპუტატთა დიდი ნაწილი.
ტერეზა მეის მხარდაჭერა დაუყოვნებლივ გამოუცხადეს მისი კაბინეტის წევრებმა. მათ შორის იმ მინისტრებმაც, რომლებიც პოტენციურად მის მემკვიდრედ შეიძლება მოიაზრებოდნენ. ამ ეტაპზე ტერეზა მეის 317-დან 174 კონსერვატორი პარლამენტარი უცხადებს მხარდაჭერას. კენჭისყრის ჩავარდნისთვის კი – 159 დელეგატის ხმაც საკმარისია. იმ შემთხვევაში თუ ამ კენჭისყრაზე გამარჯვებას ტერეზა მეი მოიპოვებს, ის პარტიის ლიდერის პოზიციას სულ მცირე კიდევ ერთი წლით შეინარჩუნებს.
თუკი მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდება, ტერეზა მეი არამხოლოდ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას, არამედ პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დაემშვიდობება. პარტია კი ახალ ლიდერს აირჩევს. ამისათვის პოტენციურ კანდიდატს კონსერვატიული პარტიიდან ორი რეკომენდატორი სჭირდება. რამდენიმე კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, ხმის მიცემის პროცედურა გაიმართება, ვიდრე საბოლოოდ ორ კანდიდატს შორის გამარჯვებული არ გამოვლინდება. ამ ყველაფერს კი სავარაუდოდ ექვს კვირამდე დრო დასჭირდება. მანამდე კი პრემიერის მოვალეობის შესრულება კვლავ ტერეზა მეის მოუწევს.
თავად პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდის, ბრექსიტის წინ, კონსერვატიულ პარტიას ახალი ლიდერის არჩევა არ სჭირდება. „კონსერვატორებმა უნდა ააშენონ ქვეყანა, რომელიც ყველასთვის სახარბიელო იქნება და განახორციელონ ბრექსიტი, რასაც ხალხმა მხარი დაუჭირა“.
„ვიბრძოლებ ამ კენჭისყრაზე ყველა საშუალებით. 40 წელია კონსერვატიული პარტიის წევრი ვარ. ვიყავი აქტივისტი, კანცლერი, პარლამენტის წევრი, ჩრდილოვანი მინისტრი, საშინაო უსაფრთხოების მდივანი და ახლა პრემიერ-მინისტრი. გავხდი ლიდერი, რადგან უკეთესი მომავლისთვის კონსერვატიული ხედვის მჯერა. კონსერვატიული პარტიის ლიდერის ცვლილება ახლა ჩვენი ქვეყნის მომავალს რისკისა და გაურკვევლობის ქვეშ დააყენებს“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.