დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა. მეთ ჰენკოკმა მოუწოდა მოქალაქეებს, ენდონ ბრიტანეთის მარეგულირებელ ორგანოებს და აცრა გაიკეთონ .
„ჩვენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტს ვაკვირდებით და ვიცით, რომ ის უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ხელს უწყობს დიდ ბრიტანეთში. ასე რომ, თუ თქვენი რიგი დადგება, გაიკეთეთ აცრა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა 13-მა ქვეყანამ. ამის მიზეზად, აცრილ მოქალაქეებში თრომბის შემთხვევები დასახელდა. თუმცა, როგორც დიდი ბრიტანეთის სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ ორგანოში განაცხადეს, „არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბი ვაქცინებს უკავშირდება“.
ევროკავშირის მედიცინის მარეგულირებელი სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარშემო არსებულ შეკითხვებთან დაკავშირებით დეტალურ ანგარიშს 18 მარტს გამოაქვეყნებს. მანამდე, ამავე სააგენტოში განმარტეს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი მეტია, ვიდრე შესაძლო საფრთხე, და ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბი ვაქცინამ გამოიწვია.
ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 17 მილიონი ადამიანი აცრეს. აცრილ მოქალაქეებს შორის თრომბოემბოლიის 37 შემთხვევა გამოვლინდა.