დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი - ჩვენი ჯარები უნდა მოემზადონ ევროპაში კვლავ საბრძოლველად
ჩვენი ჯარები უნდა მოემზადონ ევროპაში კვლავ საბრძოლველად, – „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსმა, პატრიკ სანდერსმა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა არსებობს მწვავე იმპერატივი, რომ შეიქმნას არმია, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და დაამარცხოს რუსეთი ბრძოლაში. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც არმია უნდა მოამზადოს ევროპაში კვლავ საბრძოლველად“, – განაცხადა გენერალმა.
გენერალმა სანდერსმა, გენშტაბის ხელმძღვანელის პოსტზე მარკ კარლეტონ სმიტი შეცვალა გასულ ორშაბათს.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ჩვენს უპირველეს მიზანს, დავიცვათ გაერთიანებული სამეფო, მზად ვიყოთ ვიბრძოლოთ და მოვიგოთ ომი ხმელეთზე“, – განაცხადა სანდერსმა.
გასულ დღეს, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ხანგრძლივი ომისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი გამოფიტვის ტაქტიკაზე გადადის.