დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ერაყსა და ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ
დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ერაყსა და ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ერაყსა და ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც დომინიკ რაბმა განმარტა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის გაფრთხილება რეგიონში ვითარების გამწვავებას უკავშირდება.

3 იანვარს დილის საათებში ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე ავიაიერიში განხორციელდა. რა დროსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი, ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. საჰაერო შეტევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა.

სამხედრო მაღალჩინოსნის გარდაცვალების შემდეგ ირანი საპასუხო ზომების მიღების იმუქრება. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ვაშინგტონის ქმედებას თეირანი პასუხს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით გასცემს. ამჟამად ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ქუჩებში ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ განწყობილი ათასობით ადამიანია გასული. „სიკვდილი ამერიკას“ ასეთია დემონსტრანტების შეძახილები.