დიდი ბრიტანეთი ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ ძალის გამოყენებას გმობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა დაწერა.
„დიდი ბრიტანეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ აზოვის ზღვაში მყოფი უკრაინული ხომალდების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას“, – წერს მინისტრი.
ბრიტანელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ თავისი ქმედებებით რუსეთი კიდევ ერთხელ უგულებელყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო ნორმებს.
ჯერემი ჰანტი რუსეთს დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ და მათთვის ქერჩის სრუტის გახსნისკენ მოუწოდებს.
„რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელი სამხედროები და უზრუნველყოს ქერჩის სრუტეზე თავისუფალი გადაადგილება“, – წერს მინისტრი.
25 ნოემბერს, რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ხომალდმა ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტისკენ მიმავალ უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, დაკავებულია 24 უკრაინელი სამხედრო, რომლებსაც რუსეთი საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. სამი უკრაინული ხომალდი კი ქერჩის პორტშია გადაყვანილი.