დიდი ბრიტანეთი ირანის მიერ ბრიტანული ტანკერის დაკავებას გმობს და მომხდარს მტრულ ქმედებად აფასებს
დიდი ბრიტანეთი ირანის მიერ ბრიტანული ტანკერის დაკავებას გმობს და მომხდარს მტრულ ქმედებად აფასებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, პენი მორდანტმა განაცხადა.
თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ირანელ კოლეგასთან, მუჰამედ ჯავად ზარიფთან სატელეფონო საუბრისას მომხდარის გამო უკიდურესი იმედგაცრუება გამოთქვა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლონდონში ირანის ელჩი დაიბარეს და ტანკერთან დაკავშირებულ ინციდენტზე ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს.
ამას გარდა, ჰორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობმზიდის დაკავების გამო ლონდონმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა.
„საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო სრუტეში სატრანზიტო გასვლის უფლება არ უნდა ირღვეოდეს“, – ნათქვამია გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.
თავის მხრივ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ბრიტანული ტანკერის დაკავება ჩანს. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ირანის ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფებმა ნავთობმზიდის დაკავებისას იგივე ტაქტიკას მიმართეს, რაც ბრიტანეთის სამეფო ფლოტის საზღვაო ქვეითებმა ჰიბრალტართან ორი კვირის წინ ირანული ტანკერის დაკავებისას.
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი 19 ივლისს დააკავა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განმარტებით, ნავთობმზიდი მას შემდეგ დააკავეს, რაც გაფრთხილებას არ დაემორჩილა და ირანულ სათევზაო ნავს შეეჯახა. ამჟამად ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები ბენდერ-აბასის პორტშია. თეირანის განმარტებით, გემი ირანის საპორტო ქალაქში მანამ დარჩება, სანამ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.