დიდი ბრიტანეთი აზიასა და კარიბის ზღვის რეგიონში სამხედრო ბაზების მშენებლობას არ გამორიცხავს
დიდი ბრიტანეთი აზიასა და კარიბის ზღვის რეგიონში სამხედრო ბაზების მშენებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გვენ უილიამსონმა გააკეთა. მისი თქმით, ახალი სამხედრო ობიექტების გახსნას ლონდონი ბრექსიტის შემდეგ აპირებს.
ამასთან, უილიამსონს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში გეგმას გაერთიანებული სამეფო სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას. „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, ეს შეიძლება იყოს სინგაპური ან ბრუნეი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბრექსიტის შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა აჩვენოს ყველას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. უილიამსონის თქმით, ამრიგად დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს 1968 წლიდან წარმოებულ პოლიტიკაზე, რომელიც „სუეცის არხის აღმოსავლეთით“ ბაზების დახურვას ითვალისწინებდა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ლონდონმა უნდა განამტკიცოს ურთიერთობები ავსტრალიასთან, კანადასთან, ახალ ზელანდიასთან და კარიბის რეგიონის ქვეყნებთან.