დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე კი 10 000 კვ.მ. ფართობზე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ადაპტირებული ტროტუარიც მოეწყობა.
გარდა ამისა, მოწესრიგდა საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულასთან“ მისასვლელი გზა.
საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
რაიონის გამგებლის, გაიოზ ვასაძის თქმით, აღნიშნული ქუჩა პრობლემური იყო და მისი მოწესრიგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასაც გააადვილებს.
„მიმდინარე წელს დიდ დიღომში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, ამ დროისთვის შვიდ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. არჩილ მეფის ქუჩა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ბევრ მონაკვეთზე გზა ჩაწეული იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმ თვალსაზრისითაც, რომ აღნიშნული ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს.
მალე ეს ქუჩა განახლებული და მაქსიმალურად მოწესრიგებული იქნება“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 560 ლარია გამოყოფილი. პროექტს გამგეობის დაკვეთით კომპანია „ ცეკური“ ახორციელებს.