დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, დროებითი თავშესაფრითა და საკვებით ყველა უზრუნველყოფილია. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.

ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები სულ 46-მა დაზარალებულმა  გაიტანა.

„ამ დროისთვის დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში  და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ასეთი არის სულ 27 ადამიანი. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

​აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.