დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა ვერსია განიხილება
დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სპეციალისტები სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად საკვებით გამოწვეული ასფიქსია სახელდება.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. დასკვნის წინასწარი შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.