„ბიბისი“ - დიდ ბრიტანეთში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი „სასურსათო ამანათის“ გამო მთავრობას აკრიტიკებენ
დიდ ბრიტანეთში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი „სასურსათო ამანათის“ შემადგენლობის გამო მთავრობას აკრიტიკებენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამანათის შემადგენლობის ფოტო „ტვიტერში“ ერთ-ერთმა მოქალაქემ გავრცელა.
დედა, რომელმაც უარი განაცხადა ვინაობის გამხელაზე, „ბიბისისთან“ საუბარში ამბობს, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მისი ორი ბავშვი აღნიშნულ დახმარებაზეა დამოკიდებული. მისი ჩანაწერი „ტვიტერში“ 30 000-მა მოქალაქემ გაიზიარა.
„სად წავიდა დანარჩენი საკვები? ეს საკვები ხომ 10 დღეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი და 30 გირვანქა სტერლინგის ღირებულების საკვებს უნდა შეიცავდეს?“, – აცხადებს მოქალაქე.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საკვები პროდუქტების კალათის შემადგენლობა „არაადეკვატურია.“
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა დიდი ბირტანეთის პრემიერ-მინისტრმაც. ბორის ჯონსონის თქმით, „ეს საშინელებაა“.
ამასთან, „სასურსათო კალათის“ მიმწოდებელმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა. მათი განმარტებით, კალათა ერთ კვირაზე იყო გათვლილი და მისი ღირებულება, საკვების, შეფუთვის და დისტრიბუციის ღირებულების გათვალისწინებით, 10.50 გირვანქა სტერლინგია.
კომპანიაში პირობა დადეს, რომ აანზღურებენ იმ კალათის ღირებულებას, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.