დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი საგარეო უწყებაში გამოიძახეს და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე შეშფოთება გამოთქვეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება სრულიად მიუღებელია და რუსეთმა უნდა ჩაატაროს მომხდარის სრული, გამჭვირვალე გამოძიება“, – წერს დომინიკ რააბი.
ბრიტანელი დიპლომატის განცხადებით, ის გახარებულია, რომ ალექსეი ნავალნი დღეს ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს.
საპასუხოდ, რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ნავალნის მოწამვლის მტკიცებულება არ არსებობს.
„უსაფუძვლო ბრალდებები და საკითხის პოლიტიზება მიუღებელია“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის რუსეთის საელჩოს განცხადებაში.