დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში ლა მანშის სრუტის გავლით 700-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა
ბოლო დღე-ღამეში ლა მანშის სრუტის გავლით დიდ ბრიტანეთში 700-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. როგორც „სქაი ნიუსი“ იუწყება, ეს დიდი ბრიტანეთში ამ გზით ჩასული მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობაა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდა.
როგორც დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 12 აგვისტოს, ლა მანშის სრუტის გავლით, მცირე ზომის 11 ნავით დიდი ბრიტანეთში სულ 703 მიგრანტი ჩავიდა.
დიდ ბრიტანეთში ნავების გამოყენებით არალეგალი მიგრანტების ჩასვლის აღკვეთა ქვეყანაში ივლისში გამართულ ვადამდელ არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამომრჩევლებს ადამიანთა ტრეფიკინგში ჩართულ პირებთან ბრძოლას ჰპირდებოდა.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვრიდან დღემდე ლა მანშის სრუტით ბრიტანეთში 18 342 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია.