დიდ ბრიტანეთში 17 წლის მოზარდს სამი ბავშვის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
დიდ ბრიტანეთში 17 წლის მოზარდს სამი ბავშვის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს

დიდ ბრიტანეთში 17 წლის მოზარდს სამი მცირეწლოვანი გოგოს მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ საუთპორტში, საბავშვო საცეკვაო წრეზე, მომღერალი ტეილორ სვიფტის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბავშვებს ცივი იარაღით დაესხა თავს.

მოკლულია სამი გოგო, კიდევ რვა ბავშვი დაშავდა, ასევე, მძიმე მდგომარეობაშია ორი ზრდასრული პირიც.

17 წლის მოზარდს განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მიზნით თავდასხმისა და ცივი იარაღის უკანონო ფლობის მუხლებით წაუყენეს ბრალი. ის სასამართლოს წინაშე პირველად დღეს წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა. არეულობის შედეგად 40-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ლონდონში 100-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. დემონსტრაციების გამომწვევი მიზეზი სოციალური ქსელებით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია გახდა, რომ თავდამსხმელი მოზარდი რადიკალი ისლამისტი მიგრანტია.

არეულობების გამო დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდება.