ბელარუსის ჩემპიონატში მე-10 ტურის შეხვედრები დასრულდა. სოლიგორსკის „შახტიორმა“ „ბელშინას“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობაში იყო გეგა დიასამიძე, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ამ მოგებით, სოლიგორსკელებმა 18 ქულა დააგროვეს და მნიშვნელოვანი წინსვლა მოახერხეს. გუნდი სამი ტურის წინ, მერვე ადგილზე იყო, ახლა კი „ტორპედო-ბელაზთან“ ერთად, სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.
თბილისში იმყოფება „შახტიორის“ მეორე ქართველი ლეგიონერი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც მეოთხე ტურში დაშავდა და მენისკის ოპერაცია გაიკეთა. სავარაუდოდ, 26 წლის თავდამსხმელი 6 თვე დაისვენებს.
ბელარუსში კი პანდემია პიკს აღწევს. კორონავირუსის საფრთხის უგულებელყოფამ ქვეყანა რთულ ვითარებაში ჩააგდო. ტელეგრამ-არხის, NEXTA-Live-ის ცნობით, კორონავირუსის შემთხვევები ბელარუსის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სამ კლუბში დაფიქსირდა, მაგრამ კლუბები კომენტარს არ აკეთებენ და ფაქტების მიჩქმალვას ცდილობენ.