დღისით ჩათვლემა შესაძლოა, გულის შეტევისა და ინსულტის რისკებს ამცირებს - ახალი კვლევა
ახალი კვლევის ფარგლებში აღმოჩენილია პოტენციური კავშირი კვირაში ერთი-ორჯერ დღის განმავლობაში ჩათვლემასა და გულის შეტევისა და ინსულტის რისკების შემცირებას შორის. უფრო მეტჯერ ჩათვლემის შემთხვევაში, ასეთი სარგებელი ქრება.
შვეიცარიაში, 3462 მოხალისეს მკვლევრები ხუთი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მონაწილეები დღის განმავლობაში ჩათვლემის შემთხვევებს ინიშნავდნენ. ამის შემდეგ, ეს მონაცემები მეცნიერებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევებს შეადარეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ შემთხვევით ჩათვლემა დაკავშირებული იყო გულის შეტევის, გულის უკმარისობის ან ინსულტის დაბალ რისკთან იმათთან შედარებით, ვინც დღისით საერთოდ არ თვლემს.
თუმცა, ასეთი კავშირი საერთოდ გაქრა უფრო ხშირი ჩათვლემების შემთხვევაში; სასარგებლო კავშირი არ გამოვლინდა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებშიც.
ჟურნალ Heart-ში გამოქვეყნებული კვლევის სარედაქციო ნაწილში, ფსიქიატრიის ორი მკვლევარი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, წერს, რომ დღისით ჩათვლემებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს შორის კავშირის ზუსტი ფიზიოლოგიური მეტაბოლური გზა გაურკვეველია. ეს კი კიდევ უფრო ამძაფრებს ბოლო პერიოდში მიმდინარე დებატებს ჯანმრთელობაზე ჩათვლემის გავლენის შესახებ. როგორც ჩანს, ამ მხრივ მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ ჩათვლემის ხანგრძლივობას, არამედ სიხშირესაც.
სანამ თქვენს დღის წესრიგში ჩათვლემებს შეიტანთ, გეტყვით, რომ ეს კვლევა ჯერ მხოლოდ დაკვირვებადი ხასიათის იყო და არ ამტკიცებს მიზეზებსა და ეფექტებს.
მკვლევრებმა დააკორექტირეს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის დღისით ძილიანობა და ღამის ძილის ხანგრძლივობა. ჩათვლემები შეიძლება პირდაპირ არ იყოს პასუხისმგებელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევების ვარიაციებზე.
მაგალითად, შესაძლებელია, რომ ვინც კვირაში ერთხელ ან ორჯერ თვლემს, უფრო ჯანსაღი და ორგანიზებული ცხოვრების სტილი აქვს და გულ-სისხლძარღვთა რისკებზე სწორედ ეს ახდენს გავლენას და არა ჩათვლემები.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევა ეფუძნება თავად მონაწილეების მიერ ჩანიშნულ ჩათვლემათა ოდენობას; ასევე, მათში დაფიქსირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედარებით ცოტა შემთხვევა (155), რაც ფართო დასკვნის გამოტანას ართულებს.
მიუხედავად ამისა, ეს კვლევა საკმაოდ სასარგებლო მონაცემებს მატებს ისეთ მომხიბვლელ საკითხს, როგორიცაა კავშირი ჩათვლემებსა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას შორის. ზოგიერთმა წინა კვლევამაც აჩვენა, რომ ჩათვლემები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს, ზოგიერთმა კი საპირისპირო შედეგი დადო.
შეიძლება თუ არა, რომ ამ შედეგების ასეთი შეუსაბამობა ჩათვლემათა სიხშირემ ახსნას? სწორედ ამას გვთავაზობენ ახალი კვლევის ავტორები. მათი სურვილია, რომ შემდგომმა კვლევებმა მხედველობაში მიიღოს კვირის განმავლობაში ჩათვლემების ოდენობაც.
კვლევის მონაწილეთა ასაკი 35-დან 75 წლამდე იყო. ყოველი ხუთიდან ერთი მონაწილე კვირაში ერთხელ ან ორჯერ თვლემდა. 58 პროცენტმა კი აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში საერთოდ არ თვლემდნენ.
მათთვის, ვისაც დღისით ჩათვლემები სიამოვნებას ანიჭებს, ბოლო დროს მრავალი სასიამოვნო ამბავია. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა გარკვეული კავშირი ჩათვლემებსა და შემეცნების ფუნქციის გაუმჯობესებას, განწყობის ამაღლებასა და უკეთეს ემოციურ კონტროლს შორის.
კვლევა ჟურნალ Heart-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია heart.bmj.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.