დღეიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს
დღეიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს

დედაქალაქის მასშტაბით, დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით იმუშავებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, თბილისის მეტრო მუშაობას 00:00 საათზე, ხოლო მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტულად, დადგენილი გრაფიკით დაასრულებენ.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.

ახალი რეგულაციის თანახმად, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე ასრულებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან“, – აცხადებენ მერიაში.

უწყებათაშორისი საბჭოზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.