დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 273 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში გადამუშავებული ყურძნის ჯამური რაოდენობა 273 ათას ტონამდეა. სააგენტოს 16 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში გადამუშავებულია 2 100 ტონა ყურძენი. წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2 500 ტონამდე მოსავალს ელიან.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, კახეთში 270 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთში დასკვნით ეტაპზეა.
1 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული ქართლში, იმერეთსა და ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. სუბსიდიას იღებს ღვინის კომპანია, რომელმაც შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული, არანაკლებ 1 000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენი.
ამასთან, შესყიდულ კილოგრამ ყურძენში კომპანიამ ჩამბარებელს არანაკლებ 0.80 ლარი გადაუხადა. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: კილოგრამ რქაწითელზე და კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0.30 ლარი.