დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 35-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო ხუთის კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 1 154 პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 35-ის კი მძიმედ ფასდება.
„1 154 პაციენტიდან ხუთი გახლავთ კრიტიკული პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით 35-ს არ აღემატება. აღნიშნული რიცხვები ალბათ შეიცვლება, რადგან დაავადების გავრცელებასთან და ზრდასთან ერთად, გაიზრდება როგორც მსუბუქი, ისე ასიმპტომური და მძიმე პაციენტების რაოდენობაც“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში სულ 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სამი პაციენტი კი მძიმედ ფასდება.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან კლინიკას ათი პაციენტი დაემატა.
„ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი გვყავდა, გაეწერა ათი, ასევე დაგვემატა ათი ახალი შემთხვევა. ამ 33 ინფიცირებულიდან ერთი კრიტიკულად მძიმე, ხოლო სამი მძიმე პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.