დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 24-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 24-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 267 პაციენტიდან ხუთის მდგომარება კრიტიკულია, 24-ის კი მძიმედ ფასდება.

„დღესდღეობით, კოვიდცენტრებში სულ 267 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 24 კი მძიმე პაციენტია. ისინი მკურნალობას კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობენ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და შედარებით ნაკლებად მსუბუქი სიმძიმის არის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში სულ 27 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარება კრიტიკულია, ორის მძიმე, დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს ცენტრში არც ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულა და არც ახალი ინფიცირებული შემოსულა. კლინიკაში კვლავ 27 დადასტურებული შემთხვევა რჩება. გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი, ორი მძიმე, რომლებიც რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.