დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 22-ის მდგომარეობა მძიმე, ექვსის კი კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 232 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, 22 კი მძიმედ ფასდება.
„ისინი კოვიდ-ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 22 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 პროცენტია, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი – 1.27“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კლინიკაში გუშინ სამი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი ახალი შემთხვევა დაემატა.
„ორივე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტები არიან. მძიმე პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით კვლავ ორია. ახალი მძიმე პაციენტები არ შეგვმატებია. არსებული პაციენტების მდგომარეობა უკვე სტაბილურია და ალბათ, მალე განიხილება, როგორც საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.