დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა მძიმე, ოთხის კი კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 232 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია, 17-ის კი მძიმედ ფასდება.
„ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 232 ინფიცირებული მკურნალობს. კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებაში ოთხი კრიტიკული და 17 მძიმე პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში სულ 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული, კიდევ ერთის კი მძიმეა.
„ჩვენს ცენტრში მკურნალობდა 19 დადასტურებული შემთხვევა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ამდენად, დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ერთი კი მძიმე პაცინტია. თუმცა, ამ ორივე ინფიცირებულის მდგომარეობა უკვე მესამე დღეა, სტაბილურია, დაავადება არც ერთ მათგანთან არ პროგრესირებს. ისინი, ალბათ, მომდევნო დღეებში მძიმე პაციენტების რიგებს დატოვებენ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი.