დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 80-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმე, 14-ის კი კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1981 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.
მისივე განმარტებით, მხოლოდ კოვიდ-ცენტრებში 836 პაციენტია მოთავსებული, მათგან 80-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმე, 14-ის კი კრიტიკულია. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქად ფასდება.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკიდან ერთი პაციენტი სასტუმრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეზუგბაიას განცხადებით, შესაბამისად, ამჟამად ინფექციურში ახალი კორონავირუსით 34 პაციენტი რჩება, მათ შორის ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი მძიმე პაციენტია.
სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლების ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით კი ეზუგბაია ამბობს, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების პროცენტი ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
ამასთან, ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნაზე, ინფიცირების შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს. ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის საკმარისი საწოლფონდია მობილიზებული.