დღეს „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული, შესაბამისად, ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი და საკონკურსო სიმღერა გამოვლინდება
დღეს, 3 მარტს, 22:00 საათზე, პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ტურია. სწორედ დღეს გამოვლინდება საქართველოს წარმომადგენელი და საკონკურსო სიმღერა წლევანდელ ევროვიზიაზე.
მაყურებელმა „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთხ კონკურსანტს შორის უნდა აარჩიოს. კონკურსის ფინალში იმღერებენ – ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.
„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტებმა თავად შეარჩიეს სიმღერები, რომელსაც მეგაპროექტის ფინალურ ტურში შეასრულებენ. კომპოზიციები სპეციალურად ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ქართველმა კომპოზიტორებმა დაწერეს.
კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის წესი შემდეგია:
კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ მესინჯერი და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.
თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.
ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.
„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულის გამოსავლენად „ფეისბუქის“ მესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 1tv.ge-ზე, პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფეისბუქგვერდებზე.
საქართველოს ვარსკვლავი