„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეებმა ფინალური ტურისთვის სიმღერები შეარჩიეს

„საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტებმა შეარჩიეს სიმღერები, რომელსაც 3 მარტს, მეგაპროექტის ფინალურ ტურში შეასრულებენ.

კომპოზიციები სპეციალურად ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ქართველმა კომპოზიტორებმა დაწერეს.

ლიზა კალანდაძე ლევან ბაშარულის „სევდისფერ ზღვას“ შეასრულებს.

„მე შევარჩიე ლევან ბაშარულის „სევდისფერი ზღვა“. მოვისმინე თუ არა, ვიგრძენი, რომ ეს სიმღერა ჩემი იყო. მივხვდი, რომ ეს ის სიმღერაა, რისი თქმაც მინდა მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პროექტის ფინალისტმა, ლიზა კალანდაძემ.

ოთო ნემსაძე შეასრულებს რომან გიორგაძის სიმღერას „სულ წინ იარე“.

„არჩევანი გავაკეთე რომან გიორგაძის სიმღერაზე „სულ წინ იარე“. ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა იმსახურებს ფართო მასშტაბებზე გასვლას. ამ სიმღერაში ძალიან კარგად ჩანს ქართული სული და გენი, ის შემართება, რომელიც ზოგადად, გვაქვს ქართველებს. ვფიქრობ, ჩემი ენერგეტიკა ზუსტად მოერგება ამ სიმღერას“, – თქვა ოთო ნემსაძემ.

ამავე სიმღერას – რომან გიორგაძის „სულ წინ იარეს“ იმღერებს გიორგი ნაკაშიძეც.

„მე ავირჩიე რომან გიორგაძის სიმღერა „სულ წინ იარე“. ვფიქრობ, ეს სიმღერა თითოეულ ქართველს მოეწონება“ , – აღნიშნა გიორგი ნაკაშიძემ.

გიორგი ფრუიძე შეასრულებს თამარ ბაბილუას სიმღერას „მე მჯერა“.

„არჩევანი გავაკეთე თამარ ბაბილუას სიმღერაზე „მე მჯერა“. შერჩეულ სამ სიმღერას შორის ეს ყველაზე ახლოს იყო ემოციურად ჩემთან“ , – განაცხადა პროექტის კიდევ ერთმა ფინალისტმა, გიორგი ფრუიძემ.

კვირას, 3 მარტს, 22:00 საათზე, პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ტურია. სწორედ 3 მარტს გავიგებთ საქართველოს წარმომადგენელსა და საკონკურსო სიმღერას ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

დატოვე კომენტარი