დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე კენჭს უყრიან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს – „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, სავალდებულო წესით.
ამასთან, განიხილება საქართველოს კანონის პროექტები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა.
კანონპროექტით ხდება უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურების გამართვა. ასევე, სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთი საკითხის მეტი მოწესრიგება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირთათვის შეტყობინების გაგზავნის ქმედითი სისტემის შექმნა, დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების დაწესება. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა; მომხსენებლები – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ხადური.
დღესვე განიხილება საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა. წარმოდგენილი ცვლილების პროექტი, მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად ბიზნესომბუდსმენის კომპეტენციას დაემატოს საერთო სასამართლოებში სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულება. ასევე, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოდან საკუთარი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა. ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არიან.
დღეს ასევე განიხილება საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა (დაჩქარებული წესით); კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა-ორგანიზება ან-და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა-ორგანიზება. ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა და შოთა ხაბარელი არიან. მომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა.
დღესვე განიხილავენ კანონპროექტებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა; კანონის 36-ე მუხლს დაემატება 2 პრიმა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ექნება უფლება, საბჭოს წინაშე დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად. თუკი დასახელებული კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ორგანული კანონის 34-ე მუხლით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს (განათლება, სამუშაო გამოცდილება, ასაკობრივი ცენზი), პირი ავტომატურად მოხვდება პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში. საბჭოს ექნება უფლება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იქნება სრული კონსენსუსი. ცხადია, კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას თავად ის წევრი, რომელმაც დაასახელა განსახილველი კანდიდატი. ინიციატორი ფრაქციები „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო – რეგიონები“ არიან, მომხსენებელი – პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე.
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე მითითებულია, რომ დღეს ასევე განიხილება კანონპროექტები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა; წარმოდგენილი კანონპროექტები მიზნად ისახავს დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების დახვეწას და ამ მიზნით, ცვლილებების განხორციელებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში. ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური; მომხსენებლები – პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.
აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიას თქმით, კომიტეტის სხდომაზე საკუთარი კანონპროექტის გატანას არ აპირებს. მას აქვს პრეტენზია, რატომ დაინიშნა კანონპროექტის განხილვა არასამუშაო დღეს, ფორსირებულად. პრეტენზია დეპუტატმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც გამოთქვა, რაზეც მას კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა უპასუხა. მისი თქმით, კანონპროექტი მომზადებულია და შესაბამისად, კომიტეტიც მზად არის მის განსახილველად.
ამასთან, დღეს სხდომაზე იმსჯელებენ საკანონმდებლო წინადადებებზე: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით; მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტებთან დაკავშირებით; მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის ოთარ ლოლუას მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 11:00 საათზე არის დაგეგმილი.