ეკა ბესელია შაბათისთვის ჩანიშნულ კომიტეტის სხდომაზე საკუთარი კანონპროექტის გატანას არ აპირებს
ეკა ბესელია შაბათისთვის ჩანიშნულ კომიტეტის სხდომაზე საკუთარი კანონპროექტის გატანას არ აპირებს

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია არ აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი ხვალ, შაბათ დღეს ჩანიშნულ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიტანოს.

,,შაბათს დანიშნული სხდომა საჭიროებს განმარტებას. რატომ ინიშნება არასამუშაო დღეს, ფორსირებულად ჩვენი კანონპროექტის განხილვა? ჩემთან არავის უწარმოებია კონსულტაცია. ვართ ამ კანონპროექტის 13 ხელმომწერი. არცერთ ჩვენგანთან კონსულტაცია არ გამართულა, არავისთან შეთანხმებულა ეს არასერიოზული გადაწყვეტილება, რომ მოიშორონ თავიდან ჩვენი კანონპროექტი. ეტყობა სურთ, რომ ჩვენი კანონპროექტი შემდგომ სასესიო კვირას გაიტანონ, რათა შემდეგ ჩააგდონ. ასე არ გამოვა. ხვალ ჩვენ არ გავიტანთ ამ კანონპროექტს. კარგად წაიკითხონ, კარგად იმეცადინონ, გაერკვნენ, რა წერია ამ კანონპროექტში და დაინიშნება განხილვა სამუშაო დღეს. როგორც წესი და რიგია, ისე წარვადგენთ ამ კანონპროექტს”, – განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

ანალოგიური პრეტენზია დეპუტატმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც გამოთქვა, რაზეც მას კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა უპასუხა.

მისი თქმით, კანონპროექტი მომზადებულია და შესაბამისად, კომიტეტიც მზად არის მის განსახილველად.

„ვფიქრობ, კანონპროექტი არის სრულიად მომზადებული, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს დარეგისტრირდა. ეს ისეთი თემებია, რაზეც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მთელი ამ ხნის განმავლობაში. მეორე მხრივ, ისიც მგონია, რომ რაც უფრო მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, როგორი წესით მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წევრების არჩევა, ამაში არაფერი ცუდი არ უნდა იყოს. პროცედურული თვალსაზრისით ყველა პირობა გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი განვიხილოთ. კანონპროექტი მომზადებულია, კომიტეტი მზად არის. მგონი, არაფერი გვიშლის ხელს, დავიწყოთ კანონპროექტის განხილვა”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.