დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება
დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება

14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს.

მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის ცენტრალურ მოედანსა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

10:00-დან 18:00 საათამდე – გაიმართება სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხე;

11:00-21:00 საათი – საშემოდგომო ნობათის, რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;

11:00 საათი – ჯგუფი „ურსა“;

11:00-17:00 საათი – ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი
ფოტოგამოფენა „ძველი და ახალი მცხეთის რეტროსპექტივა“. მის: მცხეთა, არსუკიძის ქ. #3 (სვეტიცხოვლის მთავარი კარიბჭის პირდაპირ);

12:00-16:30 საათი – მცხეთისა და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლების სადღესასწაულო კონცერტი (მომღერალი აჩი ფურცელაძე, ანსამბლები: „ქალდეა“, „ქალილო“, „ლომისი“, იბერიონი“, „როკვა“, „მცხეთა“);

14:00-14:15 საათი – მისალმება-მილოცვა (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები);

14:15-14:30 საათი – საპატიო მოქალაქეების წარდგენის ცერემონიალი (მცხეთის მუნიციპალიტეტი);

14:30-15:30 საათი – იაპონიის სახელმწიფოსა და ლატვიის რესპუბლიკის შემოქმედებითი ჯგუფების მილოცვა, სადღესასწაულო კონცერტი;

16:00-18:00 საათი ქუჩის საკარნავალო მსვლელობა;

19:30 – 21:00 საათი- გალაკონცერტი ნიკოლოზ რაჭველის, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის, ეკა მამალაძის, ნატალია ქუთათელაძის, მარიამ როინიშვილის, გორის ქალთა კაპელის, ნინო ქათამაძის, აჩიკო ნიჟარაძის, ნუკრი კაპანაძისა და სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდის მონაწილეობით;

საზეიმო ღონისძიებებს 21:00 საათზე ფოიერვერკი დაასრულებს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“.

გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. ლეგენდის თანახმად, საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, „სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი“, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აღნიშნულ ადგილზე აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

სადღესასწაულო ღონისძიებების ნაწილი მცხეთაში გუშინაც გაიმართა. 13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი კი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც 13 ივლისის დღესასწაული ასევე იწოდება სვეტიცხოვლობად.