დღეს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება
დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები ჩატარდება შვიდ საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ცესკო-სთან ერთად ორგანიზებას ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიები უწევენ. თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე ერთ ბიულეტენს მიიღებენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად.
არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხუთი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი. არჩევნების დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია მედიისა და დაინტერესებული მხარეებისთვის მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.