ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებზე ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში, 15:00 საათის მონაცემებით, 2769 ამომრჩეველი მივიდა
ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებზე ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში, 15:00 საათის მონაცემებით, 2769 ამომრჩეველი მივიდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცესკო-დან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, ლაგოდეხში, სადაც 4 229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1767 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, რაც 41.8 პროცენტს შეადგენს.

ადიგენში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41.6 პროცენტია. ცესკო-ს ინფორმაციით, 1466 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 610 ამომრჩეველი მივიდა.

მარტვილში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 35.5 პროცენტი დაფიქსირდა – 1103 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 392 მივიდა.

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები ტარდება შვიდ საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატი მონაწილეობს.