„სამართლიანი არჩევნები“ - საარჩევნო პროცესმა მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა, ყველა უბანზე მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზებას
„სამართლიანი არჩევნები“ - საარჩევნო პროცესმა მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა, ყველა უბანზე მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზებას

არჩევნების დღეს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ყველა (შვიდივე) საარჩევნო უბანზე მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო დღის საბოლოო შეფასებაშია ნათქვამი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, მათი ორგანიზაცია 2019 წლის 27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ყველა საარჩევნო ოლქში, კერძოდ, ლაგოდეხის ოთხ საარჩევნო უბანზე, მარტვილის ორ საარჩევნო უბანზე და ადიგენის ერთ საარჩევნო უბანზე დააკვირდა.

„არჩევნების დღეს, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, ყველა (7-ვე) საარჩევნო უბანზე, მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას. რიგ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებში აწარმოებდნენ. ლაგოდეხის 25-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებული იყო მაგიდები, სადაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, სიების მეშვეობით აღრიცხავდნენ.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და შესაძლოა ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც ირიბი ზეწოლა. ამასთან, ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.

„სამართლიანი არჩევნები“ მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ წარსულში ზემოაღნიშნული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და რეკომენდაციის მიუხედავად, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პარტიული კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩევლის აღრიცხვის შემთხვევები კვლავ განმეორდა და მასშტაბური სახე ჰქონდა“, – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებაში.