დღეს გაირკვევა, მოიპოვებს თუ არა ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს
დღეს გაირკვევა, შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას.
პორტუგალიაში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „ვორლდ თრეველ ევორდსის“ (World Travel Awards) ჯილდოზე ბათუმი პირველადაა წარდგენილი და ტიტულის მოსაპოვებლად მას ისეთ ქალაქებთან უწევს კონკურენცია, როგორებიცაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია). ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. ღონისძიებაზე დასასწრებად პორტუგალიაში იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად.
დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ცერემონიაზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცევა, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს დაასახელებენ. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.