სემეკ-ი ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფს დაადგენს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ტარიფების განსაზღვრას იწყებს.
დღეს კომისია ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფს დაადგენს.
როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კომპანიები დღეს მიაწვდიან კომისიას დეტალურ ინფორმაციას გაწეულ ხარჯებთან და საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე დადგინდება გენერაციის ტარიფიც.
„მარეგულირებელი კომისია პერიოდულად ადგენს გენერაციის ტარიფებს, რაც ნიშნავს ჰიდროელექტროსადგურების და თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფების დადგენას. ზოგიერთი მათგანისთვის დგინდება ტრადიციულად ერთწლიანი ტარიფები, ეს არის თბოსადგურები, ხოლო ჰიდროელექტროსადგურებისთვის დგინდება სამწლიანი ტარიფები. შესაბამისად, იმ სადგურებს, რომელთაც ამ წლის ბოლო ეწურებათ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფების ვადა, მათ უნდა გადაუანგარიშდეთ და დადგინდეს ხელახალი ტარიფები. ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მათ მიერ გაწეული ხარჯების და სამომავლო საინვესტიციო გეგმების ანალიზის საფუძველზე მისაღები გადაწყვეტილებები, რომელზეც მსჯელობს კომისია“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, კომპანიები მაღალი ტარიფის დაწესებას ითხოვენ, თუმცა მარეგულირებელი კომისია ამას საკუთარი მეთოდოლოგიით ადგენს.
„კომპანიები ჩვენთან წარმოადგენენ თავიანთ მაჩვენებლებს, როგორიც არის წინა პერიოდში გაწეული ხარჯები, ასევე წარმოადგენენ მომდევნო პერიოდის საინვესტიციო გეგმებს. კაპიტალური და საოპერაციო ხარჯების ანალიზის და აუდიტის საფუძველზე დგინდება ახალი ტარიფები. ბუნებრივია, კომპანიები ითხოვენ ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მეტს, რათა მიიღონ მეტი შემოსავალი, თუმცა მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კაპიტალური, ასევე საოპერაციო ხარჯების ასახვასთან დაკავშირებულ საკითხებს. არის სპეციალური ფორმულები, რის საფუძველზეც კონკრეტული გაანგარიშებით დგინდება ტარიფები. ამ შემთხვევაშიც ასეა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვაქვს ჩვენი მეთოდოლოგია და ამ ყველაფერზე დაყრდნობით ვადგენთ ტარიფებს“, – განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესზე თავის გავლენას, გარკვეულწილად ახდენს ვალუტის კურსიც.
„რაც შეეხება ვალუტის კურსს, ვალუტის კურსი ოდნავ მოქმედებს საინვესტიციო ნაწილზე, როცა შემოსატანია მარაგნაწილები ან ვთქვათ სხვა ისეთი რამ, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, თუმცა კურსის მიმართ სადგურების ტარიფების დადგენა დიდად მგრძნობიარე არ არის. ჩვენ ვნახულობთ მათ ყველა ხარჯს, საინვესტიციო გეგმებს და ამის საფუძველზე ვადგენთ ტარიფებს. როგორც წესი, აქ დიდი სხვაობა წინა პერიოდთან შედარებით არ გვაქვს. არის ზოგიერთი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთ სადგურზე ვამცირებთ კიდეც მომდევნო პერიოდისთვის ტარიფებს, არის შემთხვევები, როცა ზოგიერთ სადგურზე ვზრდით ოდნავ ტარიფებს, ეს ყველაფერი კონკრეტულ გაანგარიშებაზე და საინვესტიციო გეგმებს ეფუძნება.
თბოსადგურებზე დგება ერთწლიანი ტარიფი და უმეტესობა მათგანში მცირდება ტარიფები, ხოლო რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ჰიდროელექტროსადგურებზე დგება სამწლიანი ტარიფი, რადგან ჰიდროელექტროსადგურები უკვე 3 წლიან რეგულირებაზეა გადასული.
ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაშიც, ერთ სადგურზე (რიონჰესზე) ხდება ტარიფის შემცირება, ხოლო დამატებით ხუთ სადგურზე ხდება ტარიფის ოდნავ ზრდა.
სხვადასხვა სადგურზე სხვადასხვა ტარიფია. მაგალითად, ენგურჰესზე 1.3 თეთრია, ვარდნილჰესების კასკადზე ორი თეთრია და ა.შ. ყველა სადგურს აქვს ინდივიდუალური ტარიფი, რომელიც დადგენილია მათი ხარჯების, გამომუშავების, საინვესტიციო გეგმების შესაბამისად, ასევე, პერიოდული გაანგარიშების საფუძველზე ყველას ინდივიდუალურად, თავისი ტარიფი უდგინდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.