1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
დედაენის დღის ფარგლებში საქართველოში ტრადიციულად, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით დედაენის ბაღში 12:00 საათიდან გაიმართება.
„12:00 საათიდან საღამოს 09:00 საათამდე ყველას ველოდებით დედაენის ბაღში, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, ასევე, იგეგმება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ენის დღესთან დაკავშირებით. მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, პარალელურ რეჟიმში გაიმართება წიგნების პრეზენტაციები, რომელთა ავტორები ამონარიდებს წაიკითხავენ საკუთარი წიგნებიდან. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარი ხელით დაამზადოს ქართული ასოები, მოხატოს 1920 წელს გამოცემული დედაენა, რამდენიმე გვერდი დაბეჭდოს და სამახსოვროდ წაიღოს. ზუსტად 07:00 საათზე კი დაიწყება დათო ევგენიძის კონცერტი „ანიდან ჰოემდე“, რომელიც დედაენის დღეს ეძღვნება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.
დედაენის ძეგლთან, ასევე, გაიმართება თბილისის შანიძის სახელობის ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი დაასრულებს.
ბაღში განთავსდება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, ასევე, „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.
ამასთან, 12:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, მოძრაობის „არა ბარბარიზმებს” სკოლის მოსწავლეთა კონკურსში – „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულთა და ქართული ენის სწავლება-პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრებიან. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში კი გაიმართება დოკუმენტური ფილმის: „1978 წლის აპრილის ქრონიკები“ და წიგნის „1978 14 აპრილი“ პრეზენტაცია. ფილმში, რომელშიც გამოყენებულია საარქივო ფოტო და ვიდეომასალა, წარმოდგენილი იქნება 1978 წლის აპრილში თბილისში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია და ამ მოვლენების მონაწილეთა მოგონებები.
14:00 საათზე, საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსის „ჩემი პირველი ქართული როლი“ ფინალისტებს დააჯილდოებენ.
16:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლიტერატურა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, აგრეთვე ვიზუალური მასალა, სადაც ასახულია „დედაენის“ პირველი გამოცემის სტრუქტურა. გარდა ამისა, გამოფენილი იქნება ჟურნალების – „კვალისა“ და „განათლების“ ნომრები, სადაც საუბარია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან, ცნობილი ქართველი პოეტების „დედაენისადმი“ მიძღვნილი ლექსები.