დღეს დამტკიცდება იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც რამდენიმე რეგიონში ცხელებიან პაციენტებს საჭირო მკურნალობასა და მომსახურებას გაუწევენ
დღეს დამტკიცდება იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც რამდენიმე რეგიონში ცხელებიან პაციენტებს საჭირო მკურნალობასა და მომსახურებას გაუწევენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ცხელების ცენტრები იქნება საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახალციხესა და ლანჩხუთში.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, პაციენტების გამოჯანმრთელების კუთხით აჭარასა და ქუთაისში დადებითი დინამიკა არის.
„მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს საკმაოდ დადებითი გაწერების დინამიკა აჭარასა და ქუთაისში. ქუთაისის რეგიონში 118 პაციენტი გაეწერა გუშინ, ხოლო აჭარაში 181 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება საწოლფონდის გადანაწილებას – საწოლფონდის გადანაწილების კუთხით, რეგიონულ ჭრილში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა და საჭირო ხდება საწოლების მობილიზაცია, დღეს დამტკიცდება იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, დამატებით კიდევ ახალციხესა და ლანჩხუთში მიიღებენ დამატებით ცხელებიან პაციენტებს და გაუწევენ საჭირო მკურნალობასა და მომსახურებას. ეს იქნება ცხელების ცენტრები. იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ეტაპობრივ ჩართვას და კლინიკები საჭიროებენ გარკვეულ გამოცდილებასაც. ისინი მიიღებენ ცხელებით პაციენტს და დაიგნოსტირების შემთხვევაში, უკვე ცენტრალიზებულად გადაწყდება, რა დამატებითი პროცესი გაიმართება ამ კლინიკაში. საერთო ჯამში, ჩვენ ამ კუთხით გავაკეთებთ 442 საწოლის მობილიზებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.