დღეს ბათუმში თავდაცვის ძალებში კალათბურთის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართება
საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს „3X3 კალათბურთში“ ბათუმი მასპინძლობს. ინფორმაციას თავსაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ პარა-კალათბურთში საჩვენებელი თამაშით გაიხსნა.
„გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირმა სტარტი ეროვნული გმირის დაბადების დღეს, 18 აგვისტოს აიღო. ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს პირველად ტარდება და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით იმართება. მინისტრის გადაწყვეტილებით, საპრიზო ფონდი შეიქმნა, რომლითაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობს. პირველი შესარჩევი ტურიდან, მეორე დასკვნით ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა.
დღეს ფინალში ერთმანეთს ოთხი გამარჯვებული გუნდი დაუპირისპირდება. ტურნირის გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.