დღეს, 23:30 საათზე, ქრისტეშობის დღესასწაულზე „მოამბის“ სპეციალური გამოშვება
24 დეკემბერს, 23:30 საათზე პირველ არხზე, „მოამბე“ სპეციალური გამოშვებით გავა ეთერში, რომელიც ქრისტეშობის დღესასწაულს მიეძღვნება.
სპეციალურ გამოშვებაში „მოამბის“ წამყვანები და ჟურნალისტები საქართველოში მოქმედი კონფესიების ტაძრებში მიმდინარე სადღესასწაულო ღვთისმსახურებიდან ჩაერთვებიან.
პირველი არხის გადამღები ჯგუფები იმუშავებენ კათოლიკე ეკლესიის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების სახელობის საკათედრო ტაძარში, სახარების რწმენის ეკლესიაში (ორმოცდაათიანელები), ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები გააშუქებენ საშობაო მსახურებას შემდეგი კონფესიებიდან: ევანგელური ეკლესია – სიცოცხლის სიტყვა, წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ასირიულ-ქალდევურ კათოლიკური ეკლესია, საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია.
პირველი არხი ქრისტეშობას მიულოცავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 25 დეკემბერს ზეიმობენ შობას.