დღეს, 11 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე რიგით მეოცე საბავშვო ევროვიზია ერევანში გაიმართება.
ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს საქართველოს პირველი არხის პროექტის, „რანინას“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული მარიამ ბიგვავა, სიმღერით I Believe/მჯერა.
საქართველოს საკონკურსო სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტზე მუშაობდნენ ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი – იზა ნადარეიშვილი.
მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე მერვე ნომრად წარდგება.
საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობს და შეგიძლიათ, საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ხმა მისცეთ მარიამ ბიგვავას.
ხმის მიცემა შეწყდება 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, საბავშვო ევროვიზიის შოუს დაწყებისას.
ხმის მიცემა განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე. ამ დროს შეგვიძლია, უკვე მეორედ მივცეთ ხმა მარიამ ბიგვავას. ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს, რათა მეოთხედ გავიმარჯვოთ საბავშვო ევროვიზიაზე.