დღეის მდგომარეობით, ნებაყოფლობითი ტესტირება აჭარაში არსებული კაფე-ბარების 466-ს თანამშრომელს ჩაუტარდა, ვირუსი არც ერთს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კორონავირუსის სულ 12 შემთხვევაა იდენტიფიცირებული.
„ერთი კაფე „ჰავანა“ და მეორე იყო კერძო სასტუმრო. იქ საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 300-მდე არის ტესტირებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე ნებაყოფლობით ტესტირებას, გამყრელიძის თქმით, უკვე 466 ასეთი ტესტია ჩატარებული და ინფექცია არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმის ბულვარზე გვაქვს ორი კარავი გაკეთებული „წითელ ჯვართან“ ერთად, ასევე ქობულეთის ბულვარზე, დაემატა შეკვეთილშიც. ოღონდ იქ სტაციონარული დაწესებულებაა, მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება ნებაყოფლობით. ბათუმის ბულვარზე განლაგებული კაფე-ბარების პერსონალი აღრიცხულია და უტარდებათ ტესტირება. დღემდე ჩატარებულია 466. ხელი შეგვიშალა წვიმებმა, 466-დან არც ერთი დადებითი შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.