დღეიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა
დღეიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელია ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში შეიყვანოს. ამას ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს.

სისტემაში თავს მოიყრის შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაცემები ჰოსპიტალიზაციის თითოეული ეპიზოდის და ამბულატორიული ვიზიტის შესახებ; პროფილაქტიკური აცრების მონაცემები: ვაქცინაციის დასახელება და აცრების ცხრილი, ვაქცინაზე რეაქცია, უკუჩვენება; C ჰეპატიტის სკრინინგის თარიღი და შედეგი; ორსულობის საერთო რაოდენობა; მშობიარობის საერთო რაოდენობა; ბოლო ორსულობის/მშობიარობის თარიღი და სხვა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 2019 წლის პირველი მაისიდან ელექტრონული ჩანაწერის წარმოების ვალდებულება სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას ექნება. პირველი სექტემბრიდან კი, პროგრამაში ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებებიც ჩაერთვებიან.

ამასთან, 2020 წლის პირველი იანვრიდან ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული ხდება, EHR სისტემაში ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეიყვანოს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, EHR სისტემა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავია, რომლის მიზანია ავტორიზებული პირებისგან შეაგროვოს, შეინახოს, გაზიარებადი გახადოს და დაამუშაოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები, რაც უწყვეტ, ეფექტიან, პაციენტზე ორიენტირებულ და ხარისხიან, ინტეგრირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

EHR სისტემაში სამედიცინო ჩანაწერები ინახება პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში. EHR სისტემის შემადგენელი ნაწილია პაციენტის გვერდი. გვერდის საშუალებით, პაციენტს შეუძლია, სისტემაში მის შესახებ არსებული ინფორმაცია მოიძიოს.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სისტემის ამოქმედება უფრო მოქნილს გახდის პაციენტებისთვის სერვისების გაწევას, რადგან საჭიროების შემთხვევაში, ექიმს ექნება მყისიერი წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე პაციენტის მიერ გადატანილი ავადმყოფობების, ინფექციებისა და სხვადასხვა რისკის შესახებ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მიღებული ტრავმის გამო უგონოდაა და არ შეუძლია, ექიმს მიაწოდოს მკურნალობისთვის საჭირო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი და სხვა), მედპერსონალი აღნიშნული ელექტრონული სისტემის საშუალებით შეიტყობს ყველა საჭირო მონაცემს.

EHR სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვას, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და ,„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონები უზრუნველყოფენ.