ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები პენსიონერები კუთვნილ პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეიდან იღებენ
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ხანდაზმულები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები დღეიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კუთვნილ პენსიასა და სოციალურ დახმარებას იღებენ.
მოსახლეობა ძირითადად ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდან გადმოდის. ამასთან, ენგურის ხიდზე გაიხსნა აფთიაქიც, სადაც მათ მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ. როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებენ, რამდენიმე თვეა, კუთვნილი დახმარებები არ მიუღიათ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტები არ იყიდება. მათი თქმით, ზუგდიდში შესვლის შემთხვევაში, ხუთდღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, ამიტომ ამ გზით დახმარების მიღებას თავს არიდებენ.
ამასთან, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ხანდაზმულები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები გაერო-ს წარმომადგენლებს სპეციალური ტრანსპორტით უფასოდ გადმოჰყავთ.
ამ დროისთვის კუთვნილი პენსია და დახმარება უკვე 50-მდე ადამიანმა აიღო.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, ენგურის ხიდზე ეგრეთ წოდებული გადასასვლელი გუშინ გაიხსნა.