ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა
ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ეგრეთ წოდებული გადასასვლელი ენგურის ხიდზე, –  ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. როგორც ახვლედიანმა განაცხადა, ყოველი მსგავსი ნაბიჯი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ არის მიმართული.

„ეს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას საშუალებას მისცემს (თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს), საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი ცალსახად მისასალმებელია, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ არის მიმართული. საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმისა და ბერკეტის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისმევას ვახოროციელებთ, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება უზრუნველყოფილ იქნას.

რასაკვირველია, გასათვალისწინებელია კოვიდპანდემიით შექმნილი გარემოება. ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება დაბალანსებული და პრაგმატული მიდგომით ახორციელებს კოვიდპანდემიის მართავს, ისევე როგორც გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან თუ შემსუბუქებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ამ პრინციპით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსველთათვის საკარანტინო ვადა როგორც მოგეხსენებათ, პირველ თებერვლამდე განისაზღვრებოდა 12 დღის ვადით, ამიერიდან კი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი ხუთ დღეს დაყოფენ საკარანტინო სივრცეში. „პისიარ“ ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკარანტინო სივრცე დატოვონ.

ადგილზე, ენგურის ხიდზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განთავსებულნი არიან ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გადმოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, შეფასდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამის დაწესებულებებში ტრანსპორტირებულ იქნან“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დატოვე კომენტარი