დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე იმსჯელებენ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე დღეს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნისა და მომხსენებლის არჩევის საკითხი განიხილება. ჯგუფის ამოცანაა, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე სწორად მოხდეს საკითხის შესწავლა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო გოგუაძის თქმით, ჯგუფი ასევე განსაზღვრავს, რამდენად უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას საქართველოს კანონმდებლობა.
სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნება როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია.
„ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოს პარლამენტში, როდესაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შექმნის თემატური მოკვლევის ჯგუფს, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭიროებს ეს საკითხი უფრო მეტ ყურადღებას პარლამენტის მხრიდან, რადგან ჩვენი კომიტეტი ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობს. ვფიქრობ, რომ ახლა მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, ყველა დაინტერესებული მხარესთან ერთად მოხდეს ამ საკითხებზე მუშაობა, გამოკვლევა, შესწავლა.
ბუნებრივია, ჯგუფში იქნებიან წევრები როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, ასევე სხვა კომიტეტებიდან. იქნებიან როგორც საპარლამენტო უმრალვესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. საბოლოოდ, კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდება”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.